ლიკა ქავჟარაძე

“ნატვრის ხე”

ქალი, რომელიც იყო, არის და იქნება ქართველი ქალის სილამაზის ერთ-ერთი ეტალონი, დაიბადა 1959 წლის 26 ოქტომბერს ქალაქ თბილისში, საქართველო. 80_იანი წლების ქართული კინოს მშვენება ლიკა ქავჟარაძე წლინახევრის იყო, როდესაც მისი მშობლები ერთმანეთს გაშორდნენ, ამიტომ მამა ბუნდოვნად ახსოვდა. ხუთი წლიდა მუსიკას ეუფლებოდა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია დაამთავრა ფორტეპიანოს განხრით.
როგორც თავად ლიკა იხსენებდა, დედის გარდაცვალების შემდეგ ხატვას აქტიურად მიჰყო ხელი და ცდილობდა ყურადღება მასზე გადაეტანა. თუმცა, დედასთან რთული ურთიერთობა ჰქონდა ძირითადად იმ მიზეზის გამო, რომ იგი მუდამ აკონტროლებდა.
ლიკა იხსენებს: “ბავშვობიდან დედაჩემი სულ მიჩიჩინებდა, ჭამე, ხომ ხედავ, ფეხები ჩხირივით გაქვს, მოკუზული დადიხარო. მეც ყველაფერს ვასწორებდი მერე თანდათანობით…”

ლიკა, სანდრო და პატარა ლევანი.

ჩოგბურთზე მიმავალი ლიკა ქავჟარაძე მომავალ მეუღლეს სანდრო თაქთაქიშვილს შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ დედა შვილის ადრეულ ასაკში დაქორწინების წინააღმდეგი იყო, მათ მაინც იქორწინეს და შეეძინათ შვილი, ლევანი. 1993-94 წლებში ოჯახი ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა, სადაც სანდრო მუშაობდა, მაგრამ მსახიობმა იქ ხანგრძლივი პერიოდით გაჩერება ვერ შეძლო და უკან დაბრუნდა. მეორედ ლიკამ იქორწინა ლევან შანიძესთან, რომელთანაც დაშორების შემდეგ მეგობრული ურთიერთობა შეინარჩუნა.

მსახიობის ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანი იყო. 12 წლის იყო ლიკა, როდესაც მოკლემეტრაჟიან ფილმ “შადრევანში” გადაიღეს, შემდეგ იყო: “როცა აყვავდა ნუში”, “მშვენიერი კოსტიუმი”… მსახიობის კარიერის განმავლობაში ლიკა ქავჟარაძემ მრავალ ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორისაა “ფესვები”, “პეპელა”, “მხოლოდ ერთხელ”, “კავკასიური რომანი”, “დიმიტრი II” და სხვა.
კინოში განსახიერებული 30 _მდე როლის მიუხედავად, მსახიობს მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული და აღიარება თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხეში” შესრულებულმა მარიტას როლმა მოუტანა.
“მარიტამ მართლაც რომ წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო ჩემს კარიერაში, არამედ, ზოგადად, ცხოვრებაში. იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბევრ ფილმში ვითამაშე, “ნატვრის ხე” მაინც სხვა იყო. დღემდე სწორედ ამ ფილმით მიხსენებენ. მარიტას როლი ცხოვრების ბოლომდე გამყვება”, ამბობს თავად მსახობი ერთ-ერთ ინტერვიუში.

სამსახიობო კარიერაში მიღწეული წარმატების მიუხედავად, ლიკა ქავჟარაძეს თეატრალურ ინსტიტუტში არ ჩაუბარებია. მიუხედავად აქტიური გადაღებებისა, მსახიობმა ბედი პოდიუმზეც სცადა. როგორც მოდების სალონ “ირიდას” დამფუძვნებელი იხსენებდა , “ლიკას სილამაზე დანარჩენ მოდელებს იმდენად აკომპლექსებდა, რომ მის გვერდით გამოსვლა უჭირდათ”.

და მართლაც, ლიკა ქავჟარაძის სილამაზის შესახებ არაერთი მსახიობი, რეჟისორი თუ მწერალი წერს:
“ლიკა ქავჟარაძე მიწიერი მშვენიერებაა. ლამაზ ადამიანებს ჭირვეულობა ახასიათებთ, ლიკა კი აქაც იშვიათი გამონაკლისია”, – მსახიობი და რეჟისორი გოგი ქავთარაძე.
“ლიკა ქავჟარაძე მოწოდებით მსახიობია, გატაცებით მხატვარი და პროფესიით მუსიკოსი”, – გიორგი შენგელაია.
“ერთხელ, ახალგაზრდობაში, რომელიღაც ქუჩაზე დავინახე ლიკა და ადგილზე გავშეშდი. გონს რომ მოვედი, 30 წუთი მაინც იქნებოდა გასული. აი, რა შეუძლია ნატურალურ სილამაზეს”, – დათო ტურაშვილი.

ქართველი ქალის სილამაზის ეტალონი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მარტო ცხოვრობდა. იგი გარდაიცვალა 2017 წლის 11 ოქტომბერს 57 წლის ასაკში ქალაქ თბილისში.

დატოვე კომენტარი